საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო გამოცდების დაწყების თარიღი თბილისის 82-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებთან შეხვედრაზე გააჟღერა - 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება.
მინისტრმა 82-ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე საატესტატო გამოცდების მნიშვნელობაზე, ბარიერზე და შეფასების სისტემაზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს დიმიტრი შაშკინმა მეთორმეტეკლასელების შეკითხვებსაც უპასუხა.
2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები, გასული წლის მსგავსად, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით რვა საგანში ჩატარდება. წელს იგივე რჩება კომპეტენციის ზღვარი 5.5. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს გაიმართება. ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად.
სკოლებში მთელი წლის განმავლობაში საგამოცდო საგნებში აბიტურის საათები ტარდებოდა, რომელზედაც მეთორმეტეკლასელები განვლილ მასალას იმეორებდნენ და საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებოდნენ.
2012 წლის 6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში ჩატარდა მასში 8 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე მუშაობდნენ და ამით იმ გარემოს ეცნობოდნენ, რომელიც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.
საცდელი ტესტირების შედეგებს ყველა მონაწილე 25 აპრილს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, სპეციალურ საძიებო სისტემაში იხილავს.
მინისტრის განცხადებით, 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები ხარვეზების გარეშე და მაღალ დონეზე წარიმართება.