კერძო სკოლებთან ერთად ახალი პროექტი ამოქმედდება
25.04.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და  ჯანმრთელობის, შრომისა  და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა  სოციალურად დაუცველი პირველკლასელები ლუკა გულედანი, ალექსანდრე ქუმსიაშვილი და ლიზი ნანავა  კერძო სკოლაში მიიყვანეს, სადაც ისინი 15 სექტემბრიდან სწავლას დაიწყებენ. ”თბილისის მწვანე სკოლაში” მინისტრებმა მოსწავლეებს  პირადად   გააცნეს  გარემო, სადაც მომავალში ისწავლიან.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანმრთელობის, შრომისა  და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. 2012-2013 სასწავლო წლიდან პირველკლასელები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან საუკეთესო კერძო სკოლებში უფასოდ დაიწყებენ სწავლას. პროექტი იმ მოზარდებს შეეხებათ, რომელთა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა  57 000 ქვემოთაა ან რომელთა ოჯახებიც განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ. 

ახალი პროექტი, ძირითადად იმ კერძო სკოლებში განხორციელდება, რომელთაც  საჯარო სკოლები შეიძინეს და მათი რეაბილიტაცია მოახდინეს,  გადახდილი თანხა კი, ახლომდებარე სკოლების ინფრასტუქტურის განვითარებას მოხმარდა.  გარდა ამისა, კერძო სკოლაში მუდმივად რჩება ის უფასო კონტინგენტი, რომელიც აქ საჯარო სკოლის შესყიდვამდე სწავლობდა.  თანამედროვე სტანდერტებით აღჭურვილ კერძო სკოლაში ახალი კონტიგენტის მიღებისას უპირატესობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებს ენიჭებათ.

“თბილისის მწვანე სკოლამ” გასულ წელს შეიძინა 134-ე საჯარო სკოლა და დღეს ინფრასტრუქტურით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სკოლას ორი თანამედროვე ბიბლიოთეკა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ოთახები და ლაბორატორიები აქვს. სკოლაში ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური, ავტონომიური დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა. სკოლა  უმაღლესი რანგის სერტიფიცირებული პედაგოგებითაა დაკომპლექტებული. ეზოში განლაგებულია ჩოგბურთის კორტი, ღია სპორტული მოედნები, კალათბურთის დარბაზი, კაფეტერია, ღია ფანჩატურები და სკვერები. ”თბილისის მწვანე სკოლის”  სოციალურად დაუცველი მოსწავლეები იმავე პრივილეგიებით ისარგებლებენ, რომლითაც კერძო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ.