საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. პარლამენტარები განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული სიახლეებითა და მიმდინარე პროექტებით დაინტერესდნენ.
სამთავრობო საათზე დიმიტრი შაშკინმა ვრცლად ისაუბრა სისტემაში გატარებულ და უახლოეს პერიოდში დაგეგმილ რეფორმებზეც, მათ შორის 2012 წლის ძირითად პრიორიტეტებზე. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე და ახალ ინიციატივაზე გააკეთა.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების დაფინანსების დამატებითი სტიმულები შეიქმნება, უნარ-ჩვევებში გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მიღებული ქულების მიხედვით, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო გრანტი გაიუმჯობესონ ან, თავიდან მოიპოვონ დაფინანსება.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში შეიქმნება სპეციალური ფონდები, საიდანაც ის წარჩინებული სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთაც სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.