ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა დაიწყო
28.04.2012
დღეს, სერტიფიცირებული პედაგოგები  ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პედაგოგი ხელფასზე  დანამატის სახით 125 ლარს მიიღებს ხოლო ის, ვინც საუკეთესო 25%-ში მოხვდება ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ. გამოცდა წელს მეორედ ტარდება და მასში 2000-ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობს. საგამოცდო ტესტით ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. მასწავლებელი გამოცდას კომპიუტერის საშუალებით აბარებს.

ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი აკვირდებოდნენ.

გამოცდის მიზანია შემოწმდეს, შეუძლია თუ არა პედაგოგს პროფესიული განვითარებისა თუ სწავლების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამისათვის პედაგოგს ინტერნეტის გამოყენება და კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა მოეთხოვება.

მასწავლებელთა სერტიფიცირების მიზანი მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ხელფასების ზრდაა. საბოლოოდ სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ.

Video