28-30 აპრილს თბილისში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია მიმდინარეობს, დღეს სესია სკოლა “ოლიმპი”-ში გაიხსნა და მის მუშაობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე მონაწილეობდა. სესიის თემას წარმოაგდენს „ახალგაზრდობა-სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი". ევროპარლამენტის სიმულაციაში 11 საჯარო სკოლის X-XII კლასის 80-მდე მონაწილეობს. 30 აპრილს, თსუ-ს პირველ კორპუსში გენერალური ასამბლეა შედგება.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეები კომიტეტებში ნაწილდებიან და სხვადასხვა აქტუალური პრობლემის განხილვის შემდგომ ინგლისურ ენაზე რეზოლუციებს შეიმუშავებენ. საკომიტეტო მუშაობისას განსახილველი საკითხები შეეხება როგორც ევროკავშირის მასშტაბით არსებულ პრობლემებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, ოფიციალური დახურვის ცერემონიალზე ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცემა.
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი, როგორც სასკოლო პროექტი 1987 წელს საფრანგეთში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით პროექტმა სტუდენტების დიდი ინტერესიც დაიმსახურა. საქართველომ ორგანიზაციის ოფიციალური წევრის სტატუსი 2008 წელს მოიპოვა. მას შემდეგ არაერთი სესია ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდში, დუშეთსა და ბორჯომში.