მე-100 სკოლაში საკალათბურთო ჩემპიონატი ჩატარდა
01.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას გულსხმობს, თბილისის მე-100 საჯარო სკოლის გოგონათა ნაკრებსა და ზესტაფონის გოგონათა გუნდს შორის კალათბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი 2015 წლის ოლიპიადისთვის გოგონათა  კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრთა შერჩევა იყო. 

სასკოლო ჩემპიონატი თბილისის მე-100 საჯარო სკოლისა და  კალათბურთის ფედერაციის  ორგანიზებით ჩატარდა. ფინალურ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ანდრია ურუშაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეჯიბრის დაწყებამდე, მე-100 სკოლის კურსდამთავრებულებმა, ყოფილმა კალათბურთელებმა  საჩვენებელი თამაში გამართეს.

ნათია ჯოხაძის განცხადებით, ასეთი შეხვედრები სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწობს ხელს, ასევე ემსახურება მოზარდებს შორის სპორტული რესურსის გამოვლენას და მათ წახალისებას.

2011 წელს სამინისტროს მიერ ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება განხორციელდა, შეიქმნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა, გადამზადდა პედაგოგები, კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, ამით პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახდა. სწორეთ ამით აიხსნება ბოლო წლებში მოზარდებში სპორტით განსაკუთრებული დაინტერესება.