პროფესიული სტუდენტების ახალი ნაკადი სწავლას 7 მაისიდან შეუდგება
04.05.2012
პრეზიდენტის ინიციატივით წელს პირველად, პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც  პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. ახალი პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში სოცილაურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდნენ, 7 მაისიდან საქართველოს მასშტაბით 15 პროფესიულ კოლეჯში 2000-მდე სოციალურად დაუცველი სტუდენტი  ისწავლის. ამიერიდან, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ქუთაისში პროფესიულ კოლეჯ ,,იბერიას’’ ეწვივნენ. 7 მაისიდან ამ კოლეჯში ახალი პროექტის ფარგლებში დაფინანსებული 360 სტუდენტი დაეუფლება დურგლის, ზეინკალ-სანტექნიკოსის, ელექტრიკოსოს, ძრავის შემკეთებლის, მკერავის, სასტუმრო საქმის მწარმოებლის, ინფორმაციული ტექნოლოგის, გრაფიკოსის, მზარეულის, მღებავის, მეფილე - მომპირკეთებელის, სარესტორნო საქმის მწარმოებელის, შემდუღებელის და სხა პროფესიებს.

დიმიტრი შაშკინმა კოლეჯის სტუდენტებთან ერთად სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. მინისტრმა სიმბოლურად თავადაც შეასრულა ის სამუშაოები, რასაც მომავალი დურგლები და ზეინკლები შეასრულებენ.

ახალი პროქტის ფარგლებში, წლის განმავლობაში  ვაუჩერული დაფინანსებით 7 000 ადამიანი ისწავლის. ვაუჩერით სრულად ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.