სოფელ ჩიბათში ახალი სკოლა შენდება
05.05.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში ახალ სკოლას აშენებს. სკოლის მშენებლობას სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. ამჯერად, სკოლის გადახურვის, შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე პერიმეტრის მოწესრიგება მიმდინარეობს. მშენებარე სკოლა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაათვალიერა.

სოფელ ჩიბათის სკოლის ძველი, საუკუნოვანი  შენობა ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არასოდეს ჩატარებია სარემონტო სამუშაოები. ერთი წლის წინ სკოლას ჩაუტარდა დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. 2012 წლის სექტემბრიდან ამ სოფლის მოზარდები თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში ისწავლიან.

ახალი სკოლის შენობა თანამედროვედ აღიჭურვება, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი.  სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლების რეაბილიტაცია,  ახალი სკოლების მშენებლობა და  თანამედროვე ტექნიკით მათი აღჭურვა, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მომავალი სასწავლო წლისათვის 600-ზე მეტი სკოლა გარემონტდება და 23 ახალი სკოლა აშენდება.

Video