მინისტრმა ვეტერან მეცნიერს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
09.05.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ომის ვეტერან აკადემიკოს შოთა გამყრელიძეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი, პირადად  მიულოცა და სჩუქრები გადასცა.

საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი შოთა გამყრელიძე 65 წელია წარმატებით მოღვაწეობს სამედიცინო სფეროში. იგი ფსიქიატრიის დამოუკიდებელი მიმართულების - კლინიკური ფსიქოფარმაკოთერაპიის ფუძემდებელია საქართველოში.

მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ფსიქიატრიის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, მეცნიერი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ვერცხლის მედლით. აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების  საბჭოებისა და სარედაქციო კოლეგიის წევრია.

დიმიტრი შაშკინმა  მადლობა გადაუხადა ღვაწლმოსილ მეცნიერს ქართულ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. მინისტრმა  9 მაისი ასევე ყველა ომის მონაწილე ვეტერანს მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.