შიბლიანელი მოსწავლეებისთვის ახალი სკოლა შენდება
12.05.2012
საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სკოლას აშენებს. სკოლის მშენებლობას სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. მშენებარე სკოლა მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა და სამშენებლო სამუშაოებშიც მიიღო მონაწილეობა.

ახალი სკოლის მშენებლობაზე სოფელ შიბლიანის მოსახლეობაა დასაქმებული და უკვე 2012 წლის სექტემბრიდან ამ სოფლის მოზარდები თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში ისწავლიან.

სკოლის ძველი, ავარიული შენობა 5 წლის წინ გამოვიდა ექსპლუტაციიდან და ამ ხნის განმავლობაში სოფლის 50-მდე მოსწავლე ყოფილი  გამგეობის ძველ, არაკომფორტულ შენობაში სწავლობდა.

ახალი სკოლის შენობა თანამედროვედ აღიჭურვება, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, სააქტო დარბაზი. სკოლა 130 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლების რეაბილიტაცია,  ახალი სკოლების მშენებლობა და  თანამედროვე ტექნიკით მათი აღჭურვა, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მომავალი სასწავლო წლისათვის 600-ზე მეტი სკოლა რემონტდება და 23 ახალი სკოლა შენდება.