სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა ჩააბარეს. გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა და მასში 1600–ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი მონაწილეობდა. პედაგოგთა 54%–მა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. გასულ წელს მხოლოდ 23%-მა შეძლო ბარიერის გადალახვა. ახალი სასწავლო წლიდან ეს პედაგოგები ხელფასზე დანამატის სახით 200 ლარს მიიღებენ ხოლო ის, ვინც საუკეთესო 25%–ში მოხვდა, ხელფასი 1000 ლარი გაუხდებათ.
2011 წელთან შედარებით წელს გამოცდებში მასწავლებელთა გაზრდილი რაოდენობა მონაწილეობდა და უმრავლესობამ წარმატებით გადალახა ბარიერი. გამოცდების მაღალი შედეგები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა პროექტმა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ ორგანიზებულმა ეფექტურმა ტრენინგებმა განაპირობეს. პედაგოგისთვის ასევე დიდი მოტივაციაა გაზრდილი ხელფასი.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ სხვადასხვა საგნის პედაგოგებისთვის ინგლისურენოვან უცხოელ მოხალისე პედაგოგებთან ურთიერთობა საკმაოდ ნაყოფიერია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს ურთიერთობა რეგიონის პედაგოგებისთვის არის.
ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისას საგამოცდო ტესტით ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. მასწავლებელი გამოცდას კომპიუტერის საშუალებით აბარებს. დავალებების შესრულებისას პედაგოგს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში არსებული რესურსები: ლექსიკონები, საძიებო სისტემები და ა.შ.
გამოცდის მიზანია, შემოწმდეს, შეუძლია თუ არა პედაგოგს პროფესიული განვითარებისა თუ სწავლების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამისათვის პედაგოგს ინტერნეტის გამოყენება და კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა მოეთხოვება.
Video