საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდა. 7 მაისს ამ კოლეჯში 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსებული 111 სოციალურად დაუცველი სტუდენტი შეუდგა სწავლას. მათი უმრავლესობა მაღალმთიანი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სვანეთიდანაა. მათ კოლეჯის თანამედროვე სტანდარტების ახალი საერთო საცხოვრებელი მოემსახურება.
ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში ვაუჩერული დაფინანსებით სულ 250 სტუდენტი ჩაირიცხა. კოლეჯში სპეციალობები აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული გეგმიდან გამომდინარე შეირჩა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო-, ეკო-, და ა.შ. ტუროპერატორი), ბარმენი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი. სამინისტროს დაფინანსებით, კოლეჯი საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.. პრაქტიკული სწავლებისათვის მოწყობილია და ფუნქციონირებს სხვადასხვა ლაბორატორია და სახელოსნო.
ცენტრში განახლებული პროგრამებით გადამზადებულ სტუდენტთა 75% უკვე დასაქმებულია სასტუმროებში: ”შერატონ ბათუმი”, ”რედისონი”, ”ჯორჯიან პალასი”, ”პიაცა”, ”ბონი”, ”ოაზისი”, ”ელბაკური”, ”სავანე” და სხვ.
წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი ამოქმედდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. წლის განმავლობაში ვაუჩერული დაფინანსებით 7 000 ადამიანი ისწავლის. ვაუჩერით სრულად ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.