დღეს საატესტატო გამოცდები დაიწყო
21.05.2012
2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დილის 9 საათზე საქართველოს ყველა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. სკოლები ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მიმდინარეობს. გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების მიმდინარეობას თბილისის №49-ე საჯარო სკოლაში აკვირდებოდა. რეგიონებში იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვა ხლმძღვანელი პირები. ნებისმიერი ხარვეზის დროულად აღმოფხვრის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ქართულ ენისა  და ლიტერატურის შემდეგ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები 22 მაისს გამოცდას უცხო ენაში; 23 მაისს - ისტორიაში; 24 მაისს - გეოგრაფიაში; 25 მაისს - ფიზიკაში; 28 მაისს - ქიმიაში; 29 მაისს - ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს - მათემატიკაში ჩააბარებენ.