საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
29.05.2012
ხვალ 12 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი სამინისტროს გამოცდების ეროვნულ  ცენტრში  ახალ ხელმძღვანელს წარადგენს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გააკეთა.

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს,  სახელმწიფო  არის გარანტი, რომ ასევე შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც.

მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტება გააკეთა რა პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა დიმიტრი შაშკინსა და მაია მიმინოშვილს შორის. კერძოდ:

  1. სამინისტროს სურვილი იყო პედაგოგებისთვის შექმნილიყო კომფორტული გარემო როგორც სატესტო ნაწილში, ისე გამოცდების მიმდინარეობის დროს. რაშიც  მიმინოშვილის მხრიდან წინააღმდეგობა იყო.
  2.  სამინისტროს აგრძელებს განათლების სისტემაში რეფორმებს, ეს შეუქცევადი პროცესია, აქედან გამომდინარე, გარკვეული ეტაპის შემდეგ სამინისტრო გეგმავდა  გამოცდების ამერიკული მოდელის დანერგვას და 8 + 1 მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს საატესტატო გამოცდებს და ერთ გამოცდას უნარებში, რასაც ასევე მოჰყვა მიმინოშვილის მხრიდან წინააღმდეგობა.
  3. ასევე აზრთა სხვადასხვაობა იყო საქართვლოში ეთნიკური უმცერესობებისთვის ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით, რაც მათ საშუალებას აძლევდა სურვილის შემთხვევაში სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებიათ.

სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ დაადასტურა საინფორმაციო სააგენტო ONN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მინისტრსა და მიმინოშვილს შორის დაპირისპირების შესახებ.  მისი თქმით, დაპირისპირება დაახლოებით ათი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ,,მინისტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ესოდენ რთული გადაწყვეტილება’’-აღნიშნა ნინო პოტრჟებსკაიამ.

ამასთანავე, მისი თქმით, მთავრობის მხრიდან მიმინოშვილს რამოდენიმე შეთავაზება ჰქონდა. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე, თუმცა მიმინოშვილისგან ყველა შეთავაზებაზე მთავრობამ უარი მიიღო. რის შემდეგაც, სამწუხაროდ ვერ მოხერხდება პოზიციების შეჯერება და მინისტრმა მიიღო ესოდენ რთული გადაწყვეტილება.

Video