2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, თბილისის, რუსთავის, თელავის, სიღნაღისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. თბილისში ხუთი საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
დღეს, თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ, თბილისის მერიისა და პოლიციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
თბილისის 175-ე საჯარო სკოლის ორ კორპუსში წელს პირველად გაიხსნება საგამოცდო ცენტრები. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სკოლაში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სკოლაში მიმდინარეობს რემონტი, ვიდეო-აპარატურის დამონტაჟება და სკოლის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა. 20 ივნისისთვის ცენტრი სრულ მზადყოფნაში იქნება აბიტურიენტების მისაღებად.
თბილისის მერია გამოცდების შეუფერხებლად და კომფორტულ გარემოში ჩატარების მიზნით სხვადასხვა სამუშაოებს განახორციელებს. მერიის სამსახური ყველა საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას უზრუნველყოფს. მერიის მიერ ასევე კეთილმოეწყობა საგამოცდო ცენტრამდე მიმავალი გზები, გაკეთდება მინიშნებები, მობილიზდება სახანძრო და სამედიცინო სამსახურები, გულშემატკივართათვის მოეწყობა ბიოლოგიური ტუალეტები და სხვ. სამართალდამცველები საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოებასა და წესრიგს უზრუნველყოფენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე, წარმართვაში მერიისა და პოლიციის გარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბევრი სხვა უწყებაც უწევს დახმარებას.
თბილისის ხუთ საგამოცდო ცენტრში 20 ათასამდე აბიტურიენტი გაივლის საგამოცდო პროცესს, მათგან 3600 - №175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში.