საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროექტ ”Summer Job”-ში მონაწილე იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროგრამაში 4 ივნისის დამატებითი რეგისტრაციით ჩაერთვნენ. დიმიტრი შაშკინმა და ,,Summer Job’’-ის სპიკერმა მარიამ საჯაიამ სტუდენტებს პროექტში მონაწილეობა მიულოცეს და შემდგომი პროცედურები გააცნეს.
ახლადდარეგისტრირებულ სტუდნეტებს შრომითი ხელშეკრულება 7-დან 15 ივნისამდე გაუფორმდებათ. ხელშეკრულების გაფორმება მათ შეუძლიათ როგორც სამინისტროში, ასევე უშუალოდ დამსაქმებელ ორგანიზაციასთან.
პროგრამა ”Summer Job”-ში სტუდენტთა რეგისტრაცია 2012 წლის 20 მარტიდან ინტერნეტით განხორციელდა. თუმცა, დარეგისტრირებულ სტუდენტთა ნაწილი პროექტს გეგმების შეცვლის გამო გამოეთიშა, რის გამოც სამინისტრომ გამოთავისუფლებულ ვაკანსიებზე 4 ივნისიდან დამატებითი რეგისტრაცია გამოაცხადა. შედეგად, მათ ნაცვლად პროექტში 1500-ზე მეტი სხვა სტუდენტი ჩაერთო.
პორექტ ”Summer Job”-ში სულ 25 000 სტუდენტი მონაწილეობს. ისინი სამოცდაათამდე სფეროში დასაქმდებიან, კერძოდ: სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული. სტუდენტებს, რომლებმაც რეგისტრაცია მარტში გაიარეს, შრომითი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვთ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი ”Summer Job” საქართველოში წელს პირველად ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები მონაწილეობენ და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.