საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასწავლებლის სახლში წარჩინებულ მოსწავლეებსა და წარმატებულ მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: მეათეკლასელები, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) და სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომელთაც ინგლისურსა და კომპიუტერში ინტეგრირებული გამოცდა ჩააბარეს, პირველ 25%-ში მოხვდნენ და ახალი სასწავლი წლიდან 1000-ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ.
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შეცვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 7 წლის წინ ხელისუფლების მიღწევა ეროვნული გამოცდები იყო, რომელმაც გადაწყვიტა კორუფციის ბედი. ეს იყო მნიშნელოვანი ეტაპი რეფორმების დროს. მაშინ სკოლებში უმძიმესი ვითარება იყო და ეროვნული გამოცდები უნივერსტეტებში მოხვედრის ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა. პრეზიდენტის შეფასებით, ეროვნული გამოცდების უარყოფით მხარედ იქცა ის ფაქტი, რომ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები სკოლას ჩამოცილდნენ, მათთვის მთავარი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება იყო. პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ დროს დაცარიელდა სკოლები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსწავლეები სკოლას დაუბრუნა, აღსდგა ატესტატები, მედლები, ოლიმპიადები, სკოლებში განახლდა საატესტატო გამოცდები. სკოლა გაძლიერდა და შესაბამისად უნდა გაიზარდოს მისი მანდატი.
პრეზიდენტის ინიციატივით, 2012-2013 წლიდან საქართველოში ახალი სისტემა დაინერგება. კერძოდ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად მოსწავლეებს მხოლოდ რვა საატესტატო და ერთი უნარ-ჩვევების გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა მათ წელიწადში რამდენჯერმე ექნებათ და შედეგს მოსწავლეები გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყობენ.
პრეზიდენტის თქმით, ასეთი მოდელი დანერგილია როგორც საფრანგეთსა და გერმანიაში, ასევე ბევრ ცივილურ ქვეყანაში და საქართველოშიც ყველა ახალგაზრდას უნდა მიეცეს სტიმული, რომ სწავლა გააგრძელოს და კვალიფიკაცია აიმაღლოს. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითვე, მოსწავლეები უნარ-ჩვევებს დამამთავრებელ კლასში შეისწავლიან. პრეზიდენტის თქმით, ახალი სისტემა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ოჯახებს, რადგან მათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შვილების რეპეტიტორებთან მომზადება უწევთ, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ამის შესაძლებლობა ყველა ოჯახს არა აქვს. პრეზიდენტი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2012 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს 41000 პედაგოგი აბარებს, ორჯერ მეტი ვიდრე გასულ წელს და ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლების ისე, ხელფასების გაზრდის კუთხით. შეხვედრის დასარულს, მიხეილ სააკაშვილმა საატეტსტო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს კომპიუტერები, ხოლო სასერტიფიკაციო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე პედგაოგებს სერტიფიკატები გადასცა.