პრეზიდენტის საჩუქარი აჭარის რეგიონის ათოსან მოსწავლეებს
26.06.2012
პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი ამჯერად აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების 151 მეათეკლასელმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გია აბულაძემ კომპიუტერებით ის მოსწავლეები დაასაჩუქრეს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.

პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება. წელს უკვე მეორედ მოსწავლეები იმ პორტატული კომპიუტერებით საჩუქრდებიან, რომლებიც საქართველოში დამზადდა. საქართველოს მასშტაბით წელს 1022  წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.  

მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და  მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების პროცესში დანერგვას.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის. წარჩინებულ მოსწავლეთა  ამ მიმართულებით წახალისება  მომავალშიც გაგრძელდება.


2012 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2011/2012 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).