ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში 100 ”მომავლის კლასი” გაიხსნება. ამ ეტაპზე ”მომავლის კლასების” რემონტი და მათი სათანადო ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს. სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ამ ეტაპზე ქვემო ქართლში უკვე კეთილმოწყობილი და გახსნისთვის მზადაა 20 ახალი ”მომავლის კლასი”, მათ შორის - რუსთავის №2, №4, №5, №18, №21, №22, №23, №24 სკოლებში. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ „მომავლის კლასი“ რუსთავის №24 საჯარო სკოლაში გახსნეს.
ახალი სასწავლო წლიდან „მომავლის კლასები“ გარდაბნის №1, თეთრიწყაროს №1, მარნეულის №6, დმანისის №1, წალკის №2, ბოლნისის №1 საჯარო სკოლებში ამოქმედდება. მუშაობა საქართველოს მასშტაბით ამჟამად კიდევ სხვადასხვა რეგიონის 80 სკოლაში მიმდინარეობს.
ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ,,მომავლის კლასებში’’ ინტერაქტიული „ჭკვიანი დაფა” და სენსორული მონიტორებია დამონტაჟებული. მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარონ, ხოლო სპეციალური მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. მონიტორის საშუალებით მასწავლებელს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს, გაუგზავნოს კომენტარი და მისცეს რჩევები.
- მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს: ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის გაკვეთილები;
- სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და სასწავლო ”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები);
- მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსიები;
- კლასში შესაძლებელია ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაცია, კლასს გააჩნია მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა.