საქართველოში ვიზიტად მყოფი ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრ CERN-ის გენერალური დირექტორი, პროფ. როლფ-დიტერ ჰოიერი დღეს, ბაკურიანში საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას ეწვია. მან მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა და მათ კითხვებს უპასუხა.
საქართველოში მეცნიერების განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, 2012 წლის 17 ივნისიდან 7 ივლისამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, CERN-თან თანამშრომლობით, წელს პირველად საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას ახორციელებს.
საზაფხულო სკოლა ბაკურიანშია ორგანიზებული და მასში 110 მოსწავლე მონაწილეობს. მათგან 70-საქართველოს, ხოლო 40 - მოლდოვის, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სკოლის უფროსკლასელები არიან. საზაფხულო სკოლის მონაწილეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში - მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ინფორმატიკაში გამარჯვებული მოსწავლეები არიან.
საზაფხულო სკოლაში მოსწავლეები წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ლექციებს ისმენენ და ლაბორატორიულ მეცადინეობებში იღებენ მონაწილეობას. სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. აკადემიურ ნაწილთან ერთად, დღის მეორე ნახევარი სპორტული და შემეცნებითი არაფორმალური ღონისძიებებით არის დატვირთული.
მოსწავლეები ბანაკების პირველივე დღიდან განაწილდნენ სხვადასხვა “ჰაუზებში”, რომლებიც ატარებენ ცნობილი მეცნიერების სახელებს. აღნიშნული “ჰაუზები” საზაფხულო ბანაკების პერიოდში ყოველდღიურად ეჯიბრებიან როგორც ინტელექტუალურ, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში და აგროვებენ დამატებით ქულებს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ თვითონაც შექმნან ინტერესთა ჯგუფები და დაგეგმონ მათთვის საინტერესო შეჯიბრებები და ღონისძიებები.
საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის ორგანიზება 2011 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრ ” CERN”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად განხორციელდა. ამავე მემორანდუმით ”ცერნში” მიმდინარე ყველა სამეცნიერო ექსპერიმენტის მონაწილეები ქართველებიც გახდნენ.
ამოქმედდა გაცვლითი სამეცნიერო პროგრამები, რომლის მიხედვითაც ცერნიდან მეცნიერები საქართველოში ჩამოდიან და ღია ლექციებს უტარებენ ყველა დაინტერესებულ პირს. ასევე საქართველოდან ცერნში გამოცდილების მისაღებად სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფები, მათ შორის ფიზიკის მასწავლებლები და ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტები მიემგზავრებიან.