საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ხატია დეკანოიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდნენ. გამოცდები 28 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ამ დღეს 16575 აბიტურიენტი გამოიცდება.
ერთიანი ეროვნული განრიგი ასეთია:
28 და 29 ივნისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
2 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (გერმანული ენა);
2, 3 და 4 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ფრანგული ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა);
6 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
6 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
9 და 10 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
11 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
12 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
16 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია;
17 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა;
18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
19 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. გამოცდები ორ სესიად იმართება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი, 09:00 საათზე. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზეა, გამოცდა 15:00 საათზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში არ დაიშვება.
მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დიდი კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზეა. სამინისტროს მიერ სწორედ ეს მიმართულებებია პრიორიტეტულად გამოცხადებული და დაფინანსების 80% ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე იქნება მიმართული.