ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა
28.06.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე შეაჯამეს. 12 ქალაქის 17-ივე  საგამოცდო ცენტრში გამოცდებმა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. 28 ივნისს ქართული ენა და ლიტერატურა 16582-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, არ დაფიქსირებულა დაგვიანების არცერთი შემთხვევა, გამოცდაზე არ გამოცხადდა დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა მხოლოდ 2%, გასულ წელს პირველ გამოცდაზე აბიტურიენტთა 5%-ი არ გამოცხადდა.

 29 ივნისს აბიტურიენტთა მეორე ნაკადი ისევ ორ სესიაზე ქართულ ენასა და ლიტერატურას ჩააბარებს. 2, 3, 4 და 5 ივლისს აბიტურიენტები უცხოურ ენებში გაივლიან გამოცდას. 6 ივლისს გამოცდა ლიტერატურაში ჩატარდება, 9 და 10 ივლისს - ზოგადი უნარებში, 11 ივლისს - გეოგრაფიაში, 12 ივლისს - ფიზიკაში, 16 ივლისს - ისტორიაში, 17 ივლისს - მათემატიკაში, 18 ივლისს ბიოლოგიაში,  ბოლო გამოცდა 19 ივნისს ქიმიაში გაიმართება.