საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს - პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები.
ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს გადამზადების ორთვიანი კურსი გაიაროს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში და სურვილისამებრ აირჩიოს ერთი, ორი ან სამივე ტრენინგი ერთად. ტრენინგების კურსი მონაწილეს შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. საქართველოს 20 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგცენტრში ერთდროულად 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება.
პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგიტრაცია დღეს დაიწყო. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი გამართა და პროექტის ვებგვერდი www.po.ge წარადგინა.
პროექტში ჩართვის მსურველებთა რეგისიტრაცია 2012 წლის 16 ივლისიდან 10 სექტემბრამდე იწარმოებს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად ვებგვერდზე www.po.ge, აგრეთვე ამავე საიტზე მითითებულ დაწესებულებებში.
რეგისტრაციისათვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დარეგისტრირებული ყველა მონაწილე მიიღებს პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელ საბუთს და მისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელ ლექციების განრიგს.
სალექციო კურსს პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. სპეციალურად ამ ტრენინგებისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა. ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ.