დღეს აბიტურიენტები ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებს გაეცნობიან. მიღებული ქულების ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით არის შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტს შეუძლია, ამისათვის მათ საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნონ, წელს უკვე განახლებულ ნომერზე 93333. მომსახურების საფასურია 50 თეთრი.
წელს, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადასალახავად აბიტურიენტს 21 სწორი პასუხი უნდა ჰქონოდა. გარდა მედიკოსის, სტომატოლოგის, ფარმაციისა და იურიდიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისა, სადაც ზღვარი 10%-ითაა გაზრდილი.
გამოცდები ზოგად უნარებში 9 და 10 ივლისს ჩატარდა. დარეგისტრირებული 35 ათასზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდაზე გამოცხადდა 97%-ზე მეტი, დაიგვიანა ოთხმა.
მხოლოდ უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვა საკმარისია იმისთვის, რომ აბიტურიენტი სურვილის შემთხვევაში პროფესიული პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურზე ჩაირიცხოს. ხოლო, იმ პირთა პროფესიულ განათლებას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში და ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, სახელმწიფო დააფინანსებს პროფესიული განათლების ვაუჩერის 70%-ით (700 ლარი).
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭებისას, სხვა საგნებთან შედარებით ზოგადი უნარების ქულის კოეფიციენტი ყველაზე მაღალია. წელს, ზოგადი უნარების გამოცდაში აბიტურიენტების 92%-ზე მეტმა შეძლო მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვა.