ინკლუზიური განათლების წარმატებული ინიციატივები 2012 წლისათვის
26.12.2012

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს,  USAID-ის და ორგანიზაცია ,,Save the  Children“-ის დახმარებით ინკლუზიურ განათლებაში ორ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს - ყრუთა განათლების რეფორმა და საუნივერსიტეტო კომპონენტის გაძლიერება. დღეს, მასწავლებლის სახლში ამ ინიციატივების ფარგლებში 2012 წელს განხორციელებული აქტივობები სამინისტროს  ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ შეაჯამა.

ყრუთა განათლების რეფორმის ფარგლებში განვლილ პერიოდში განხორციელდა:

  • საკანონმდებლო ცვლილება ჟესტურ ენასთან დაკავშირებით;
  • სმენის პრობლემის მქონე ბავშვებისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა;
  • სკოლის პედაგოგებისათვის  ჟესტური ენის სწავლების 3 დონიანი კურსები ჩატარდა;
  • მოხდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარება;
  • ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლებში (#203, #45) ჩატარდა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აყვანილი იქნა დამატებითი სპეციალისტები;
  • შეიქმნა ყრუთა განათლების მოდელი;
  • მოხდა საუნივერსიტეტო დონეზე მომავალი მასწავლებლებისათვის ყრუთა განათლების კომპონენტის გაძლიერება და სხვ.

გარდა ამისა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტმა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის ”სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლება.” გზამკვლევი სმენის დარღვევების მქონე მოსწავლეთა სწავლა-სწავლებით დაინტერესებულ პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას  გააცნობს სმენის დარღვევების მქონე მოსწავლეთა განათლების სფეროში ჩატარებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებს. მოცემული გზამკვლევი ხელს შეუწყობს სმენის დარღვევის მქონე ბავშვის განათლებასა და პიროვნულ განვითარებას. მასწავლებლის გზამკვლევი უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას.

ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტის ექსპერტების თანაავტორობით შეიქმნა: ჟესტური ენისა და  ქართული ენის ორდონიანი სახელმძღვანელოები როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და მოსწავლის  სახელმძღვანელო და მასწავლებლის წიგნი  მათემატიკაში I და II კლასებისთვის.

საუნივერსიტეტო დონეზე ინკლუზიური და სპეციალური  განათლების სწავლების გაძლიერების მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეც.მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამა დაინერგება, ამით საფუძველი ჩაეყრება სპეც. პედაგოგიკის ნაკლებად განვითარებულ მიმართულებებს, როგორიცაა ქცევის მართვა, მხედველობის, სმენისა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება და სხვ.

პრეზენტაციას ესწერბოდნენ: სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, დონორი ორგანიზაციების - USAID, ,,Save the  Children” - წარმომადგენლები, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.