8 პროფესიული კოლეჯი 900-მდე ტრაქტორისტ-მემანქანეს გადაამზადებს
01.02.2013
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით,  კაჭრეთის, ახალციხის, ამბროლაურის, ქობულეთის, ოზურგეთის, სენაკის, გორისა და დიდი ჯიხაიშის სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში 900-მდე ტრაქტორისტ-მემანქანე 35 დღიან გადამზადების კურსს გაივლის.

მექანიზატორთა გადამზადების სასწავლო პროგრამის შესახებ შეთანხმებას გუშინ ხელი  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა  დავით კირვალიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა  საქართველოში  ჯეიმი მაკგოლდრიკმა და შპს „მექანიზატორის“ დირექტორმა  ვაჟა ნახუცრიშვილმა მოაწერეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გაზაფხულზე რაც შეიძლება მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის  დამუშავებას გეგმავს, რისთვისაც დიდი ოდენობით თანამედროვე ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემოყვანა იგეგმება. მემანქანეები, რომლებიც აღნიშნულ სასწავლო კურსს გაივლიან, შეძლებენ უახლესი ტექნიკის შესაძლებლობები სრულყოფილად აითვისონ და გამოყენონ.

მემანქანეებისთვის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, შექმნა და მემანქანეთა გადამზადებასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს.

მექანიზატორებისათვის გადამზადების კურსები 2013 წლის თებერვალიდან აპრილის ჩათვლით   ჩატარდება. უკვე დასრულებულია იმ ტრენერთა გადამზადება, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით კურსებს ჩაატარებენ.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის  საინფორმაციო სისტემა, პროფესიული კოლეჯები „სპექტრი“ და  „მერმისი“:

  • გამოყოფენ სამუშაო სივრცეს დასაქმებული პროფესიული სტუდენტებისათვის და სხვა თანამშრომლებისათვის;
  • უზრუნველყოფენ სამუშაო სივრცის მოწყობასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვას;
  • უზრუნველყოფენ დასასაქმებელი პროფესიული სტუდენტების შერჩევას  ღია კონკურსის წესით;
  • შეარჩევენ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან მიწის მესაკუთრეთა ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის შეყვანის  პროცესზე, ზედამხედველობას გაუწევენ თითოეული დასაქმებული პროფესიული სტუდენტის მიერ ყოველდღიურად შეყვანილი მონაცემების  სიზუსტეს და სისწორეს, და მოახდენენ შეყვანილ მონაცემთა აღრიცხვას.

კურსდამთავრებულებს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე   შპს „მექანიზატორი“ დაასაქმებს.