სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულმა პარლამენტმა დეკლარაცია მიიღო
05.02.2013
პროექტის „დემოკრატია იწყება შენით!“ ფარგლებში დღეს, სომხეთის ქალაქ წახკაძორში სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა გაიმართა. პარლამენტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არმენ აშოტიანმა მიიღეს. „დემოკრატია იწყება შენით!“ კონრად ადენაუერის ფონდისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია.

პროექტში მონაწილე საქართველოსა და სომხეთის სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებმა ერთობლივი რეზოლუცია მიიღეს, რომელსაც 2013 წლის 18-23 მარტს ბრიუსელში ევროპარლამენტში დაგეგმილი ვიზიტისას წარდგენენ.  პროექტი სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდებს ეხმარება  დემოკრატია  საკუთარ თავზე გამოსცადონ და წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაერთი საინტერესო ღონისძიება განახორციელონ.

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა ორი ქვეყნის განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები,  არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე სომხეთში ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიწვევით იმყოფება.