ეროვნული კონკურსი პროფესიული უნარების წარმოსაჩენად
15.02.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, „დიდუბე პლაზას“ საკონფერენციო დარბაზში ოფიციალურად გაიხსნა პროექტ WorldSkills Georgia-ს ეროვნული კონკურსი. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, კერძო/საჯარო სტრუქტურების, ასოციაციების, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ეროვნული კონკურსი 16-17 თებერვალს პროფესიულ კოლეჯებში „სპექტრი“ და „იკაროსი“ ჩატარდება. კონკურსის მიზანია სამ პროფესიაში (შემდუღებელი, ვებდიზაინერი, მზარეული) საუკეთესო მონაწილე გამოავლინოს. კონკურსში გამარჯვებული მონაწილეობას WorldSkills International-ის 42-ე კონკურში მიიღებს, რომელიც ლაიპციგში, 2013 წლის 2-7 ივლისს გაიმართება.

WorldSkills Georgia მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად პროფესიულ უნარებში კონკურსები იმართება, რაც პროფესიებში მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას და წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენას ემსახურება. კონკურსის შედეგად გამოვლენილი კანდიდატები ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს საერთაშორისო კონკურსებზე. პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.

WorldSkills -ის კონკურსში მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ასევე, გაზრდის პროფესიული განათლების მნიშვნელობას.