განათლების
სისტემის განვითარების მიზნით გასახორციელებელი პროექტებისთვის, „ათასწლეულის
გამოწვევის ფონდმა – საქართველო“ დაინტერესებულ პირთათვის წინასატენდერო საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
ამერიკის
შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ (MCC) ეკონომიკური
განვითარებისა და სიღარიბის დონის შემცირების ხელშეწყობისთვის, საქართველო MCC-ის მეორე ხუთწლიანი კომპაქტის უფლებამოსილ
ქვეყნად შეარჩია.
წინასწარი
მოლაპარაკებების პერიოდში საქართველოს მთავრობამ მთავარ პრიორიტეტად ადამიანური კაპიტალის ხარისხის
გაუმჯობესება და ეკონომიკურ სექტორებში
კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტებისა და პროფესიონალების დეფიციტის აღმოფხვრა
მიიჩნია. პროექტის ფარგლებში, სწორედ ამ
მიმართულებით გაიხარჯება განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობისათვის განსაზღვრული 140 მილიონი დოლარი.
კომპაქტის
რატიფიცირებამდე განსახორციელებელი
წინასწარი სამუშაოების ფარგლებში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა -
საქართველო“ საერთაშორისო ტენდერი
საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე შემდეგი მიმართულებებით გამოაცხადა:
1.
ზოგადი განათლების გაუმჯობესების პროექტის შემუშავება;
2.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ქალებისთვის არსებული დაბრკოლებების შესწავლა
მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების კუთხით, დამსაქმებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნის მქონე დეფიციტური პროფესიების ანალიზი;
3.
მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და
განვითარებისათვის პარტნიორი დაწესებულებ(ებ)ის შერჩევა.
საქართველოს მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC),
პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის, მეორე კომპაქტის ფარგლებში
12-15 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის გამოყოფას განიხილავენ, რომელიც ღია და გამჭირვალე საგრანტო კონკურსის „სამუშაო
ძალის განვითარებისთვის განსაზღვრული საკონკურსო წინადადების“ გზით გაიცემა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული პირებისა
და ორგანიზაციებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების, საზოგადოებრივი, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენელთა და ბიზნეს
- წრეებისათვის აღნიშნული
კონკურსისათვის იდეების წარდგენის
შედეგების დეტალური განხილვაც განხორციელდა.
სამუშაო
შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ალუდა გოგლიჩიძე,
ქეთევან ნატრიაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ათასწლეულის გამოწვევის
კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმ მაკ-ნიკოლასი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი ზურაბაშვილი იღებდნენ.