მინისტრი დუშეთის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდა
11.03.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე დღეს, დუშეთის მე-2 საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ და ის ცვლილებები გააცნეს, რომელიც პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაცემის წესში ახალი წლიდან განხორციელდა.

მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ პედაგოგებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები  გააცნეს, ასევე დაინტერესდნენ სკოლაში არსებული მდგომარეობით, მიმდინარე სასწავლო პროცესით და სკოლისა და მასწავლებელთა  პრობლემებით.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა და თამარ სანიკიძემ პედაგოგთა შეკითხვებსაც უპასუხეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტით მასწავლებლის შრომის ანაზღაურება 26%-60%-ით, ანუ 60-210 ლარით გაიზარდა:

  • გაიზარდა სრულ განაკვეთზე საბაზო ხელფასი (245 ლარიდან 305 ლარამდე);
  • ზრდა შეეხო სტაჟის ნაწილს;
  • გაიზარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატი -(24,5-დან 30,5 ლარამდე);
  • გაიზარდა იმ მასწავლებლის დანამატი ვინც არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლის,;
  • გაიზარდა კლასის დამრიგებლობის დანამატი (62,48-დან 76,25 ლარამდე);
  • 19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი  ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი დანამატი ეძლევა;
  • სერტიფიცირებულ პედაგოგს  დანამატი იმ შემთხვევაშიც მიეცემა, თუ დაწყებითი საფეხურის პედაგოგის დატვირთვა  კვირაში 13 საათს შეადგენს;
  • სერტიფიცირების დანამატი ასევე მიეცემა სერტიფიცირებულ პედაგოგს (გარდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგისა), რომლის სამუშაო დატვირთვა კვირაში შეადგენს 15-17 საათს.

გაზრდილ ხელფასს იღებს საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი.