სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების ახალი სტრატეგია
27.03.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების 2013-2016 წლების სტრატეგიისა და საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირების 3 სტანდარტიზებული ინსტრუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიქმნა. სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 

სტრატეგიაში აქცენტი   ინკლუზიური განათლების ახლადჩამოყალიბებული სისტემების ინსტიტუციონალიზაციაზე, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიური განათლების მასშტაბების ზრდაზე კეთდება.

განათლების პროცესის უკეთ დაგეგმვის მიზნით, ასევე მნიშვნელოვანი იყო სსსმ მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება. აღნიშნული პროცესის დახვეწისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  ნორვეგიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,, ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს ცხრა რეგიონის საჯარო სკოლებში“, USAID-ის, Save the Children-ის და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისოდ გამოყენებადი შეფასების 3 ინსრტრუმენტი განხორციელდა: ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი (EDDT), Viland-ის ადაპტური ქცევის სკალა და ფართო პროფილისა და ადაპტური უნარების ტესტის WRAT-4  სტანდარტიზაცია.

პრეზენტაცია განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ და ინკლუზიური განათლების პროექტის დირექტორმა მარიკა ზაქარეიშვილმა წარმოადგინეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის  სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაცნიების წარმომადგენლები, ასევე მოწვეულნი  იყვნენ დონორი ორგანიზაციები: USAID, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, UNICEF.