უწყებათაშორისი კომისია ნაძალადევის რაიონის სკოლის დირექტორებს შეხვდა
29.03.2013
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კომისიას ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ მიაწოდა, რომელიც მათ ნაძალადევის რაიონში, შუალედურ არჩევნებზე საუბნო კომისიების დაკომპლექტების თვალსაზრისით ექმნებოდათ. სახელდობრ, პარტიის ინფორმაციით, 27 პედაგოგს, რომლებიც წინა არჩევნებზე მათი სახელით საუბნო კომისიების მუშაობაში მონაწილეობდნენ, სკოლის დირექტორებმა სამსახურის შენარჩუნების მიზნით, ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისგან თავის შეკავება ურჩიეს. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, აღნიშნული კომუნიკაციის შემდეგ 27-ვე პედაგოგმა საუბნო კომისიებში მათ პარტიასთან თანამშრომლობისგან თავი შეიკავა.

აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, კომისიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა. სამინისტრო ნაძალადევის რაიონის სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა, რომლებმაც მსგავსი კომუნიკაციის ფაქტები უარყვეს. 29 მარტს კი,  დირექტორებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით,  კომისიისა და სამინისტროს წარმომადგენლები  შეხვდნენ და განუმარტეს, რომ დაუშვებელია დაქვემდებარებულ პირთა მიმართ სამსახურიდან დათხოვნის მუქარა მათი პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ თუ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში მონაწილეობის ან სხვა ისეთი ლეგიტიმური აქტივობის გამო, რაც მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას არ უკავშიდება.

რაც შეეხება სკოლის პედაგოგებს, ნებისმიერ მათგანს  უფლება აქვს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთოს თუ არა სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში, საზოგადოებრივ თუ პარტიულ აქტივობებში.