მოსწავლეებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ფსიქოლოგიური ცენტრი გაუწევს
22.04.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე ფსიქოლოგიური ცენტრი ამოქმედდა. დღეს, გიორგი მარგველაშვილმა ახალი პროექტი ჟურნალისტებს გააცნო.

მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებისაგან არის დაკომპლექტებული, კვალიფიციურ ფსიქო-სოციალურ მომსახურებას გაუწევს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე 6-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს, კერძოდ, დაეხმარება:

  • იმპულსური ქცევის მართვასა და საკუთარი თავის კონტროლის უნარის გამომუშავებაში;
  • აგრესიული ქცევის შემცირებაში;
  • ემოციების რეგულაციაში;
  • თანატოლებთან პრობლემური ურთიერთობის მოგვარებაში;
  • კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;
  • მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში;
  • ინტერპერსონალური ურთიერთობების დარეგულირებაში.

ცენტრი ასევე საგანმანათლებლო საქმიანობას განახორციელებს სკოლის მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან და მანდატურებთან. ფსიქოლოგიური ცენტრის მომსახურება ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ თერაპიას და თემატური ტრენინგ-პროგრამების შემუშავებას და ჩატარებას.

თბილისის გარდა, ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნა ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავშიც იგეგმება, სადაც სკოლის ადმინისტრაციის რეკომენდაციით მისულ მოსწავლეებს გაუწევენ დახმარებას.