მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციასთან მემორანდუმი გაფორმდა
26.04.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ კახაბერ გუგეშაშვილმა დღეს, თბილისის 176-ე საჯარო სკოლაში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციასთან ერთობლივი პროექტი მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფას, საქართველოს საჯარო სკოლებში  მაგიდის ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს. სკოლებში მაგიდის ჩოგბურთის სწავლება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონეს გააუმჯობესებს და ქართული მაგიდის ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.  

მემორანდუმის საფუძველზე, თბილისის მასშტაბით რამდენიმე ათეული საჯარო სკოლა შეირჩევა, სადაც მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია  სწავლებას განახორციელებს,  სპორტის მასწავლებლებს გადაამზადებს და მაგიდის ჩოგბურთში სკოლებს შორის  შეჯიბრებებს უზრუნველყოფს. ფედერაცია შერჩეულ სკოლებს შესაბამისი სპორტული ინვენტარით მოამარაგებს და მასწავლებლებს გადაამზადებს. მოსწავლეებში  ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში მაგიდის ჩოგბურთის ლიგა შეიქმნება და სკოლებს შორის  ჩემპიონატები მოეწყობა.

დღეს, 176-ე საჯარო სკოლაში თბილისის სკოლებს შორის მეგობრული შეხვედრაც გაიმართა, მონაწილე სკოლებს თასები და სიგელები გადაეცათ.