ქარელის მე-2 საჯარო სკოლას ახალი სასკოლო მერხები გადაეცა
24.05.2013
ქარელის მე-2 საჯარო სკოლას 100-მდე სასკოლო მერხი დღეს, კომპანია "ნობლ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა ჩაუტანეს. ქარელის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გასულ თვეში შეხვდა და სკოლაში არსებულ პრობლემებს გაეცნო. სწორედ ამ შეხვედრაზე შეიტყო მინისტრმა, რომ სკოლაში არ იყო  მერხების საჭირო რაოდენობა და სკოლას დახმარება აღუთქვა.

ქარელის მე-2 საჯარო სკოლისთვის უფასოდ მერხების გადაცემის სურვილი  ქართულ-ჩეხურმა კომპანიამ  "ნობლ ჯორჯიამ" გამოთქვა. კომპანია  ჩეხეთის რესპუბლიკაში ცნობილი კომპანია "NOBL"-ის მონაწილეობით დაფუძნდა და 2007  წლიდან ევროპული სტანდარტის საკანცელარიო, საოფისე, სასკოლო ინვენტარს და სხვა საყოფაცხოვრებო ტიპის ავეჯს საქართველოში აწარმოებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე წელს სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის რეაბილიტაციაზე სოლიდური დაფინანსება გამოყო, სამინისტრო მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილებზე არსებული მდგომარეობის, საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, საჯარო სკოლებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან რეაბილიტაციას გეგმავს.