ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბის სხდომა გაიმართა
28.05.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს. დღეს, შტაბის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

საორგანიზაციო შტაბის  წევრები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების; შინაგან საქმეთა; ფინანასთა; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების; პრეზიდენტის ადმინისტრაციის; თბილისის მერიისა და თელასის წარმომადგენლები.

პროცესში ჩართულმა შტაბის თითოეულმა წევრმა, დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, იმ უკვე შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ განახორციელა და რასაც მომავალში გეგმავს.

ანალოგიური სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანია საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს, გამოცდების პერიოდშიც გაიმართება, შეჯამდება და შეფასდება გამოცდების მიმდინარეობა და შედეგები.