მინისტრმა სოფელ ფოკის საჯარო სკოლის მასწავლებელი დააჯილდოვა
30.05.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, განათლების სისტემის თანამშრომელთათვის, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით მომავალი თაობის აღზრდაში, სამინისტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ დაწესდა. პირველი ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკის სომხურენოვანი საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელს კლარა ფოცხვერაშვილს გადასცა. 

კლარა ფოცხვერაშვილი ნინოწმინდაში 1990 წელს განათლების სამინისტროს პროექტის ფარგლებში ჩავიდა. პროგრამა ქართული ენის გაძლიერებულად სწავლებას ითვალისწინებდა. კლარა ფოცხვერაშვილი დღემდე სოფელ ფოკის სომხურენოვან საჯარო სკოლაში  ქართულ ენას ასწავლის და  აქტიურად არის ჩართული სკოლის ცხოვრებაში. მისი მოსწავლეები    სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში მონაწილეობენ, ქართულ ენაზე სპექტაკლებს დგამენ. ფოკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა უმეტესობა, რომელიც სტუდენტი ხდება, ქალბატონ კლარას მოსწავლეები არიან.  

სამკერდე ნიშნის „ამაგდარი“ გაცემის მიზანი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ღვაწლის დაფასება, მოტივაციის ამაღლება, ასევე ახალი პროექტების, ინიციატივების წახალისება, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობაა. პირველ ეტაპზე სამინისტრო სამკერდე ნიშნით საქართველოს საჯარო სკოლების ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს აჯილდოებს.