მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა 250 წლისაა
06.06.2013
სოფელ მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა პროექტით „წმინდა ანტონ მარტყოფელი და მარტყოფში განათლების 250 წლიანი ეპოქა“, დაარსებიდან 250 წლის იუბილეს აღნიშნავს. დღეს, კვირეულის ფარგლებში, რამდენიმე დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, სოფელ მარტყოფისა და სკოლის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი, სასკოლო კონფერენცია, კვირეული საზეიმო კონცერტით დასრულდა.

მარტყოფი უმდიდრესი კულტურისა და სახელოვანი ისტორიის მქონე სოფელია, ამ ისტორიის ნაწილია მარტყოფის მეორე საჯარო სკოლა. სოფელში განათლების ისტორია წმინდა ანტონ მარტყოფელის საგანმანათლებლო მოყვაწეობით დაიწყო. სკოლა წმ. ანტონ მარტყოფელის სავანიდან სოფელ მარტყოფში 1752 წელს გადმოვიდა.

ორსაუკუნენახევრის მანძილზე მარტყოფის მეორე საჯარო სკოლამ ბევრი საინტერესო ტრადიცია დაამკვიდრა. სკოლას დღეს 400-მდე მოსწავლე და 45 პედაგოგი ჰყავს, მოზარდები აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ოლიმპიადებში, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და კონფერენციებში. სკოლის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალ შედეგებს აჩვენებენ და გრანტის მფლობელები ხდებიან.