ზუგდიდელი პედაგოგი სამკერდე ნიშნით „ამაგდარი“ დაჯილდოვდა
20.06.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს ჯილდო - სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ დღეს,  მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს ვაჟა ესართიას გადასცა.

ვაჟა ესართია ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში 1956 წლიდან მუშაობს, აქტიურად არის ჩართული სწავლა/სწავლების პროცესში, იყენებს თანამედროვე მეთოდოლოგიებს, გამოცემული აქვს რეკომენდაციათა კრებული ფიზიკის  მასწავლებელთათვის. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. 2008-2009 წლებში  სკოლის საუკეთესო პედაგოგად დასახელდა. არის მის მიერვე დაფუძნებული სკოლის მოსწავლეთა სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი და არაერთი ინიციატივის ავტორი. ვაჟა ესართიას მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო გამოფენებში მონაწილეობენ და დაჯილდოებულები არიან მადლობის სიგელებით. ამავე მოსწავლეების მიერ  შეიქმნა რამდენიმე სასწავლო რესურსი ფიზიკაში, რომლითაც სკოლის სასწავლო ლაბორატორია შეივსო.

ვაჟა ესართიამ დამსახურებულად მიიღო ჯილდო, რომელიც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, განათლების სისტემის თანამშრომელთათვის დაწესდა. ბენეფიციარებს სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო გადაეცემათ. პირველ ეტაპზე სამინისტრო სამკერდე ნიშნით საქართველოს საჯარო სკოლების ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს აჯილდოებს.