სკოლებისათვის სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს
25.06.2013

სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო სკოლებისათვის ეტაპობრივად გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი თბილისის 53-ე  საჯარო სკოლაში მივიდა და წიგნების გადაცემის პროცესს გაეცნო.

წელს პირველად, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმწიფოსაგან სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. სექტემბერში მოსწავლეებს  წიგნები საკუთარ სკოლებში დახვდებათ. ამ ეტაპზე სამი მილიონი (60%) სასკოლო სახელმძღვანელოა დაბეჭდილი.

საქართველოს მასშტაბით სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი 18 ივნისს დაიწყო, სახელმძღვანელოთა 50% უკვე გადაეცათ ზესტაფონის, ქობულეთის, აბაშის, გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს. სახელმძღვანელოთა საჭირო რაოდენობის 50-50% გადაეცა თბილისის 44 საჯარო სკოლას.

წიგნების სკოლებისათვის გადაცემა ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. პროეცესი არის კარგად ორგანიზებული და შესაბამისად, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.