აჭარის ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ახალი სკოლა აშენდება
02.07.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთის მოსახლეობას, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლა გასული საუკუნის 40 წლებშია აშენებული. შენობა ამორტიზირებულია და კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარება. სკოლის შენობა  სასაფლაოს გვერდით მდებარეობს. კედლები დაბზარული და დეფორმირებულია. სკოლაში არის მხოლოდ 12 საკლასო ოთახი.

ახალი სკოლა გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდება, სკოლას ექნება თანამედროვე გათბობის სისტემა, საბუნებისმეტყველო  და საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტები თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით.

სოფელი სამღერეთი აჭარის ეკომიგრანტებით არის დასახლებული, შესაბამისად, სკოლა ქართულენოვანია. ამჟამად აქ 100 მოსწავლე სწავლობს, მათგან 12 ადმინისტრაციულად შემოერთებულ შიხილოს დაწყებითი აზერბაიჯანული სკოლადან დადის და მათ  2013 თებერვლიდან, სამინისტროს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი ემსახურებათ.

სოფელში დემოგრაფიული მდგომარეობა არის ზრდადი, შესაბამისად, ახალი  სკოლა  150 მოსწავლეზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ყველა პირობა იქნება შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი.