საქართველოში უპრეცედენტო პროექტი ამოქმედდება
24.02.2010
1 მარტიდან ახალი საგანმანათლებლო პროგრამა  ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” იწყება. პროგრამის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და ჩვენს ქვეყანაში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს.   უცხოელი პედაგოგები ქართველ კოლეგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.

მოხალისე პედაგოგთა რეგისტრაცია 1 მარტიდან იწყება საიტზე www. tlg.gov.ge. საიტი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა და გარდა იმისა, რომ  მოხალისე პედაგოგები მასზე დარეგისტრირებას შეძლებენ, ასევე სრულ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე.

უცხოელი პედაგოგები საქართველოში ივლისში ჩამოვლენ. პირველი ორი თვის განმავლობაში ისინი გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას და მათი სურვილის შემთხვევაში,  საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ხოლო ახალი სასწავლო წლიდან ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების თითქმის ნახევარს მოიცავს, მათ შორის მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც. ინგისური ენის სპეციალისტები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან ჩამოვლენ.

ახალ საგანმანათლებლო პროექტზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აშშ-ს ”მშვიდობის კორპუსის” საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა. ”მშვიდობის კორპუსი” ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც ჯონ ფ. კენედიმ 1961 წელს დააარსა. მისი დანიშნულება მსოფლიო ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრობის განვითარებაა, რასაც ამერიკის საზღვრებს მიღმა მომსახურე მოხალისეები ახორციელებენ.

საქართველოში ”მშვიდობის კორპუსი” 2001 წლიდან მოღვაწეობს და პირველი პროექტი სწორედ განათლების სფეროში თანამშრომლობით დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში  ყოვეწლიურად ამერიკელი მოხალისეები ჩამოდიან და ორი წლის განმავლობაში ქართველ პედაგოგებთან ერთად საჯარო სკოლებში მოღვაწეობენ. საქართველოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მოხალისეებთან და სხვა მასწავლებლებთან ერთად  სწავლების ახალ მეთოდებს და მიდგომებს ეუფლებიან.

”მშვიდობის კორპუსის” მოღვაწეობა საქართველოში ძალზე ნაყოფიერია, სწორედ მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით გახდება შესაძლებელი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი საგამანათლებლო პროექტის ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” განხორციელება.

24 თებერვალს ”მშვიდობის კორპუსის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ის ამერიკელი მოხალისე პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც ორწლიანი კონტრაქტით იმყოფებიან საქართველოში და ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში მუშაობენ. დიმიტრი შაშკინმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალ პროგრამაზე და უპასუხა მრავალ შეკითხვას, როგორც კონკრეტულად პროექტზე ასევე იმ რეფორმებზე, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს.