WorldSkills Georgia-ს წარმატებული სტარტი
11.07.2013
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში დასრულდა WorldSkills-ის პროფესიული უნარების 42-ე საერთაშორისო კონკურსი. საქართველომ კონკურსში წელს პირველად ასოცირებული წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ლაიფციგში საქართველოს Worldskills Georgia-ს გამარჯვებული გუნდის 3 მონაწილე წარმოადგენდა: ვებდიზაინერი უჩა ღვინიაშვილი, შემდუღებელი ევგენი მოროზოვი და მზარეული თინათინ იორდანიშვილი.

2013 წლის 2-7 ივლისს 52 ქვეყნის 1000-მდე მონაწილე ერთმანეთს 46 პროფესიულ უნარში ეჯიბრებოდა. ლაიფციგის უზარმაზარი საგამოფენო სივრცე სავსე იყო გულშემატკივრებითა და ვიზიტორებით. გახსნისა და დახურვის ცერემონიის ჩათვლით კონკურსს 200 ათასამდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის, მედიის 1000 აკრედიტებული წარმომადგენელი.

საქართველოს გუნდის წევრმა,  ვებდიზაინერმა უჩა ღვინიაშვილმა, წარმატებული ასპარეზობისთვის 2 მედალი დაიმსახურა. იგი გახდა  ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი, მან კონკურსის დახურვის გრანდიოზულ ცერემონიაზე მიიღო მედალი Best of Nations და დაჯილდოვდა  წარმატების მედლით-Medallion of Excellence.

WorldSkills-ის გენერალური ასამბლეის სხდომაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა საიმონ ბართლიმ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს WorldSkills International-ის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა. სერტიფიკატები ასევე გადაეცათ Worldskills Georgia-ს ოფიციალურ დელეგატს, მარინა ჟვანიას, ტექნიკურ დელეგატს, უტა ბაიერს, ექსპერტებს - სერგო კარაკოზოვს (ვებდიზაინერი), გაბრიელ ვატიტაძეს (შემდუღებელი), როდამ ხიდეშელს (მზარეული), კონკურსის მონაწილეებსა და გუნდის ლიდერ მაკა ბერაიას.

WorldSkills-ის 42-ე კონკურსის გამარჯვებულებს შორის ლიდერი კორეის გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც 32 მედლის მოპოვება შეძლო. მომდევნო კონკურსი 2015 წელს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში 11-16 აგვისტოს გაიმართება.

WorldSkills-ის 42-ე კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ფოტოგალერეა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.worldskills.org