მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
12.07.2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საქართველოში მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მეცამეტე ჯგუფის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ჯგუფი 19 ინგლისური ენის მასწავლებელისა და 11 ორგანიზაციული განვითარების პროგრამის მოხალისისგან შედგება, რომელთაც წარმატებით დაასრულეს თერთმეტკვირიანი წინასამსახურეობრივი ტრეინინგი ქართული ენის, კოლტურის, ჯანდაცვის და უსაფრთხოების საკითხებსა და პროფესიულ უნარ-ჩვევებში. მოხალისეთა საქართველოში ადაპტაციის მიზნით, ტრეინინგის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ ხაშურში ქართულ მასპინძელ ოჯახებში. მოხალისეები  ინგლისურის სწავლების და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმუშავებენ საქართველოს ათ რეგიონში: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო-ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი.

ფიცის დადების  ცერემონიალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, აშშ-ს საელჩოს,  მშვიდობის კორპუსის სხვა პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები ქართველ მასწავლებლებთნ ერთად უსასყიდლოდ ასწავლიან ინგლისურ ენას რეგიონებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულია საქართველოს სოფლებსა და რაიონებში საერთაშორისო კომუნიკაციის ენის შესწავლის ხელშეწყობით. ეს პროგრამა ხელს უწყობს ამერიკელი და ქართველი ხალხების დაახლოებას, რადგან, სახალხო დიპლომატია დიპლომატიის ყველაზე კარგი ფორმაა. უახლოეს ხანში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მშვიდობის კორპუსს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც მშვიდობის კორპუსთან უფრო ღრმა ურთიერთობის საშუალებას მოგვცემს,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა. 

აშშ-ს მშვიდობის კორპუსი საქართველოში საქართველოს მთავრობის თხოვნით მოღვაწეობს და  კვალიფიციური ადამიანური რესურსების მიწოდების გზით, ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. პროგრამა ასევე ხელს უწყობს ამერიკელი და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას. მშვიდობის კორპუსის პროგრამა საქართველოში  2001 წელს დაარსდა და მეცამეტე ჯგუფის ჩათვლით 500-მა მოხალისემ იმსახურა.