უმაღლესი განათლების რეფორმებთან დაკავშირებით სემინარი გაიმართა
31.07.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით, საქართველოში იმყოფება ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი ტასილო შმიტი. უცხოელმა ექსპერტმა, საუნივერსიტეტო მოწყობის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამდღიანი სემინარი გამართა.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. სემინარის მონაწილეთა შორის იყვნენ: საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, განათლების კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ფონდების, რუსთაველის ფონდისა და ტემპუსის ოფისის წარმომადგენლები.

სემინარზე განხილული იქნა შემდეგი თემები:

  • უნივერსიტეტის ავტონომია: ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები;
  • სახელმწიფო უნივერსიტეტების სამართლებრივი ფორმები, მათი დაფინანსებისა და ადმინისტრირების სისტემა;
  • უმაღლესი სასწავლებლების სამრჩევლო ორგანოები: ავტონომიისთვის შექმნილი საფრთხე, თუ  მისი გარანტი;
  • უმაღლესი სასწავლებლის მართვა: დანიშნულება და კომპეტენციები;
  • სწავლებისა და კვლევის ერთიანობის პრინციპი;
  • უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა კრება და სხვ.

უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სემინარები, დისკუსიები და სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოში ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი (ქალაქი ბერკლი, კალიფორნია)  ჩამოვა.