ქართველი მოსწავლეები CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში
04.08.2013
საქართველოს სკოლების 10 საუკეთესო მოსწავლე 5 დღით შვეიცარიაში, CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში გაემგზავრა. ეს მოსწავლეები „საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის“ მონაწილე 70 მოსწავლიდან შეირჩნენ.

„საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა საქართველოში“ ერთ-ერთია იმ ოთხ პროექტს შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში” ახორციელებს.  პროექტი წყნეთში - „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის“ ბაზაზე 16 ივნისს დაიწყო და 6 ივლისს დასრულდა.

სამეცნიერო საზაფხულო სკოლის მონაწილეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) შედეგებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის  მოსწავლეები იყვნენ. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე არააკადემიურ პროგრამებს.

10 საუკეთესო მოსწავლე, რომელიც პროექტის „გამარჯვებული მოსწავლეების ვიზიტი CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში“ ფარგლებში შეირჩა, CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში გაემგზავრა. მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდებიან, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნობიან, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ.