ახალი
სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს მასშტაბით პირველი
კლასის ყველა დამრიგებელი სპეციალურ ე.წ. ბუქების ტრენინგს გადის. ტრენინგის
მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ
სანიკიძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
დირექტორი გია მამულაშვილი გაეცნენ.
ტრენინგები
ორეტაპიანია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:
- ტექსტურ რედაქტორში
მუშაობა;
- საპრეზენტაციო პროგრამა და კლასის მართვის კომპიუტერული პროგრამის ადმინისტრირება;
- სასწავლო ვიდეოს შექმნა, ინტერნეტში საგანმანათლებლო რესურსის ძიება და
სხვ;
2013-2014 სასწავლო წელს საჯარო სკოლები რამდენიმე
სიახლით ხვდება:
- გაუმჯობესდა ბუქების ტექნიკური მახასიათებლები (ორჯერ გაიზარდა
მყარი მეხსიერების ზომა), რაც ბუქების არა მხოლოდ პირველ, არამედ, მეორე და
მესამე კლასებში გამოყენების საშუალებას იძლევა;
- შეიქმნა ახალი სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშები. თამაშების პაკეტის
განახლება/შევსება მომავალშიც სისტემატიურად განხორციელდება;
- წელს პირველად, ყველა
პირველი კლასის დამრიგებელს კლასთან მუშაობისათვის ნაცვლად ბუქისა, ნოუთბუქები გადაეცემათ;
- ყველა საჯარო სკოლაში დამატებითი WiFi როუტერები მონტაჟდება, რაც
არამარტო გააუმჯობესებს ინტერნეტის მუშაობის ხარისხს, არამედ, მასწავლებლებს ქსელური
მუშაობის საშუალებას მისცემს და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას
უზრუნველყოფს;
- შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმის ინტერაქტიული ვებპორტალი, პროექტის მიზანია:
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული მასალების ერთიან სივრცეში
თავმოყრა და სხვადასხვა კლასიფიკატორების მიხედვით საჭირო ინფორმაციის
მოხერხებული ძიების უზრუნველყოფა და ა.შ. პორტალზე განთავსდება საგნობრივი
გზამკვლევები, სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე ორიენტირებული
აქტივობები, სანიმუშო გაკვეთილის გეგმები, დავალებათა კრებულები, სხვადასხვა
სახის მეთოდური ლიტერატურა;
- საჯარო სკოლების IT მენეჯრებმა
კომპანია ინტელის ტრენინგი გაიარეს, რაც მათი მომსახურების
ხარისხს გაზრდის;
- წელს პირველად, დაწყებითი კლასების პედაგოგები „ინტელის“
საგანმანათლებლო კურსსაც გაივლიან.
„1:1 ელექტრონული სწავლების“ დანერგვის
პირველი ეტაპი აგვისტოში, ხოლო მეორე ეტაპი ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ
ჩატარდება. ტრენინგებში მონაწილეობას სქართველოს მასშტაბით სულ 2400-მდე პედაგოგი
მიიღებს. გადამზადებას საჯარო სკოლებიდან ყველა ის დამრიგებელი გაივლის,
რომელიც სექტემბრიდან პირველკლასელებთან
იმუშავებს.