საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით აბიტურიენტები, რომელთაც 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი გადალახეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ მათ მიერ არჩეულ ვერც ერთ ფაკულტეტზე, მეორადი ჩარიცხვის უფლებით ისარგებლებენ. მინისტრმა ეს გადაწყვეტილება აბიტურიენტებთან და მათ მშობლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
წელს პირველად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით,2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში და პირველადი შედეგების შეტყობინების შემდეგაც, აბიტურიენტებს შეეძლოთ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლა, დამატება, წაშლა და თანმიმდევრობის ხელახლა განსაზღვრა. არ იყო შეზღუდული არჩეული პროგრამების რაოდენობა (2012 წელს მათ 20 პროგრამის არჩევა შეეძლოთ), აბიტურიენტებს შეეძლოთ ყველა სასურველი პროგრამის მითითება, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდებოდა. თამარ სანიკიძის განმარტებით, ამ ცვლილების მიზანი იყო მეორადი ჩარიცხვების საჭიროების მოხსნა ვინაიდან, ახალი სისტემა აბიტურიენტს გაცილებით რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევდა. მიუხედავად ამისა, ბარიერგადალახული 693 აბიტურიენტი უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩა.
აბიტურიენტებთან და მათ მშობლებთან შეხვედრაზე, მინისტრმა აღნიშნა - მიუხედავდ იმისა, რომ სამინისტროს მხრიდან არ იყო არც ერთი პროცედურული და სისტემური დარღვევა, იგი ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ წელს პირველად დაინერგა რეგისტრაციის ახალი მოდელი, ასევე, ითვალისწინებს აბიტურიენტთა ინტერესებს და მზად არის დაუშვას გამონაკლისი და 700-მდე აბიტურიენტს კიდევ ერთი შანსი მისცეს გახდეს სტუდენტი და მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს უმაღლესი განათლება.