საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას დღეს, მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი გაეცნო.
დღევანდელი მონაცემებით საქართველოს მასშტაბით რეგისტრაცია 5000-მდე აპლიკანტმა გაიარა. რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, 70 რესურსცენტრსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ 33 დაწესებულებაში.
რეგისტრაცია 14 სექტემბრამდე გაგრძელდება ამ პერიოდში ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს მისთვის სასურველი მიმართულების ერთ ან, რამდენიმე პროფესიულ პროგრამაზე, ერთ ან, რამდენიმე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც აპლიკანტის მიერ შერჩეული მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ. თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით. აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 2,5 წელი.
ახალი სასწავლო წლიდან, ყველა დარეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ 100-მდე პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 19 პროფესიულ და 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც პროფესიული პროგრამები ხორციელდება.
რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირები აპლიკანტებს აწვდიან ინფორმაციას, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემოთავაზებული პროფესიული პროგრამების შესახებ. მიმდინარე წელს რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობის სურვილი 25-მდე კერძო კოლეჯმა გამოთქვა.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროფესიული განათლების დამწყებმა აპლიკანტმა, რომელმაც სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება შეარჩია, უნდა გაიაროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული უნარების ტესტი, რომელიც ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობასა და გამჭირვალობას ემსახურება. ასევე, ტესტირების მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარები და შესაძლებლობები გამოავლინოს. შესაბამისად, ტესტირების შედეგების მიხედვით ჩარიცხვის ბარიერი არ არსებობს. სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა კი ექნებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან კონკურსის საფუძველზე და ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპტენციის ზღვარს.