ახალი სასწავლო წელი თსუ–ში
16.09.2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველი კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ მიულოცეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალ სასწავლო წელს 5000-ზე მეტი  პირველკურსელი ჰყავს. მათ შორის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აფხაზურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები. 2013 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩაირიცხა. თსუ ლიდერია ნაწილობრივი დაფინანსების მქონე  სტუდენტების რაოდენობითაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი თათია შარია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულებაზე  ისწავლის.  

ახალ სასწავლო წელს თსუ განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. ყველა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტთა მომსახურების ცენტრები, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის, სასწავლო პროგრამების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების შესახებ.